თეგი: მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძემ განმარტა ვის შეეხება ამნისტია

საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და 82 ხმით, ერთი წინააღმდეგი მიიღო. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტის კომიტეტში მეორე მოსმენის განხილვის შედეგად მასში გარკვეული ცვლილებები შევიდა. მიხეილ სარჯველაძემ  კანონპროექტის ძირითად არსზე საუბრისას, აღნიშნა, რომ ამნისტია ორი ბლოკისგან შედგება. „პირველი უკავშირდება კოვიდპანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო გარკვეული სასჯელების შემცირებას, შესაბამისად, ამ კუთხით გვაქვს ოდნავ ახლებური მიდგომა იმ თვალსაზრისით, რომ ვისაც მოუწია გარკვეული პერიოდის განმავლობაში სასჯელის მოხდა და ერთთვიანი პერიოდია აღებული ასეთ პირობებში,  ყველა მათგანზე იქნება გავრცელებული ამნისტია, გარდა ერთი გამონაკლისისა,  რომელიც საქართველოს კონვენციურ მოვალეობას უკავშირდება, კერძოდ, წამების დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებზე ამნისტიის გაუვრცელებლობას. მეორე საკითხი, რაც აღნიშვნას იმსახურებს, არის ის, რომ შემოვიტანეთ დიფერენცირებული მიდგომა, რომელიც შემოთავაზებული იყო, მათ შორის, ალტერნატიული კანონპროექტით, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ეს დიფერენცირებული მიდგომა გულისხმობს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთის სასჯელის მქონე პირთათვის შედარებით მცირე შეღავათის გავრცელებას და შედარებით მეტი შეღავათის გავრცელებას იმ პირებზე, ვისაც სასჯელის სახით ორ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა გათვალისწინებული. ასევე დამატებით შეღავათია გათვალისწინებული ქალებისთვის, არასრულწლოვნებისთვის და 70 წელს ზემოთ მყოფი ხანდაზმული პირებისთვის, შესაბამისად, მათთან მიმართებაში ოდნავ დიდი იქნება ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათი“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისივე თქმით, საკითხების მეორე ბლოკი უკავშირდება 2004 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს: „გაფართოვდა წრე იმ დანაშაულებისა, რომლისთვისაც არ იქნება გათვალისწინებული შეღავათი და შესაბამისად, ქმედებები არ დაექვემდებარება ამნისტირებას“, აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. მომხსენებელმა კანონპროექტის მუხლობრივად განხილვისას, კოლეგებს საკომიტეტო განხილვის შემდეგ შეტანილი ცვლილებები გააცნო. მისივე  თქმით,  დამატებითი კონსულტაციების შედეგად მცირედით მოხდა იმ ვადების გაზრდა, რომლებიც  შეღავათის სახით იქნება გათვალისწინებული. დეტალური მუხლობრივი განხილვის შემდეგ, კანონპროექტთან დაკავშირებით, უფრაქციო პარლამენტის წევრებმა, პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენლებმა პოზიციები დააფიქსირეს. უფრაქციო პარლამენტის წევრმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ის მიესალმება ამნისტიის იმ ნაწილს, რაც კოვიდ ამნისტიას შეეხება, თუმცა მხარს არ უჭერს კანონპროექტის მეორე ნაწილს. „ძალიან კარგია ამნისტიის აქტის პირველი ნაწილი, რომელიც შეეხება კოვიდ ამნისტიას იმიტომ, რომ პატიმრებისთვის ამ პერიოდში მართლაც იყო სერიოზული შეზღუდვები და ამის კომპენსირება ხდება. მივესალმები ამნისტიის ამ წილს, მაგრამ ეს კარგი განზრახვა დამძიმებულია ძალიან არასრულფასოვნად დამუშავებული მეორე ნაწილით, რომელიც ცალკე კიდევ შეიცავს გარკვეულ სერიოზულ პოლიტიკურ რისკებს, მაგრამ რისკებსაც რომ თავი დავანებოთ სამართლებრივად არ არის სრულფასოვნად დამუშავებული“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ. ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“   წევრის,  ანა ნაცვლიშვილის   შეფასებით, ეს არის  საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლისთვისაც მან მადლობა გადაუხადა ინიციატორებს.  „როდესაც ადამიანი არის ციხეში, სახელმწიფოს აქვს სრული კონტროლი მასზე და სახელმწიფო არის პასუხისმგებელი, რომ ის არ დაავადდეს ინფექციური დაავადებით. ამიტომ იმ შეზღუდვების დაწესება სახელმწიფოს ვალდებულება იყო და იმ შეზღუდვების შედეგად დაზიანებული უფლებების კომპენსირებაც დღეს სახელმწიფოს ვალდებულებაა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ თავმჯდომარეს იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ ამნისტია კანაფის მოხმარებისთვის მსჯავრდებულებსაც უნდა შეეხოს და კოლეგებს აღნიშნულის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „რა გახდა, რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან მოძალადეები, რომლებსაც არავისთვის არაფერი დაუშავებიათ, გავათავისუფლოთ ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც დღეს დადასტურებულად ვიცით, რომ საფრთხეს არ წარმოადგენს. არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული სტატისტიკა ძალადობის, მკვლელობის თუ ავტოსაგზაო შემთხვევის  მას შემდეგ რაც ნარკოპოლიტიკა ასე თუ ისე შევცვალეთ.  პირიქით, შემცირდა მომხმარებლების რაოდენობა, შემცირდა გარდაცვალების რაოდენობა, რომლებიც რაღაც უცნაურ ნარკოტიკს მოიხმარდნენ. ამიტომ გთხოვთ მხარდაჭერას, რომ ამნისტია შეეხოს ხალხს, რომელიც კანაფის გამო ზის ციხეში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ სახელით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, პარლამენტის წევრმა, დავით ზილფიმიანმა შეაფასა. მისი განცხადებით, კანონპროექტის განხილვისას, ოპოზიციიდან და მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან   პროფესიონალური მსჯელობა გაიმართა, თუმცა მათი გამოსვლები და შეფასებები ორ ჯგუფად გაიყო. მისი თქმით, გამომსვლელების ნაწილმა მზაობა გამოთქვა მხარი დაუჭირონ უფრო ფართო ამნისტიას, ნაწილი კი პირიქით, მის შეკვეცაზე საუბრობდა. „ამ ტიპის დოკუმენტთან, მიუხედავად იმისა რომ დეტალურ მსჯელობაში არ შევედით, ყოველთვის მზად ვიქნებით და მხარს დავუჭერთ ნებისმიერი სახის ამნისტიას, პრინციპით - „რაც უფრო დიდია უკეთესია, რაც უფრო ფართოა უკეთესია“. ეს იქნება და დარჩება ჩვენს პრინციპად. ჩვენი მხარდაჭერა გაქვთ და გექნებათ თუ კიდევ რამე მსგავსი დოკუმენტი მომზადდება. გამომდინარე აქედან მინდა მადლობა გადავუხადო იმ ჯგუფს, რომლებმაც დრო შესწირეს და იმუშავეს ამ პროექტზე, რომელიც  ნებისმიერ შემთხვევაში, პოზიტივის მატარებელი ქმედება და დოკუმენტია“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“  წევრის დავით კირკიტაძის განცხადებით, წარმოდგენილ კანონპროექტს ჰქონდა შანსი, რომ გამხდარიყო საყოველთაოდ მხარდაჭერილი. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ერთსულოვნად არის მხარდაჭერილი  ამინისტიის პირველი ნაწილი, რომელიც ჰუმანური პრინციპიდან გამომდინარე ეხება კოვიდ პანდემიის  შეზღუდვის სამართლიანი კომპენსირების მიზანს, თუმცა არ ეთანხმებიან კანონპროექტის მეორე ნაწილს. „ამ ამინისტიით თავისუფლდებიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თავს აფარებდნენ ჩვენს ოკუპანტ ქვეყანას, ეს ადამიანები იყვნენ კორუმპირებულები და იპარავდნენ იმას, რაც ეკუთვნოდათ ქართველ ხალხს. ამ მუხლის გამო არ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ კანონპროექტს. ჩვენ არ ვაპირებთ გავიზიაროთ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, კანონპროექტი “ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესებზეა მორგებული. „ეს არის უზნეო კანონპროექტი, რომელიც, ძირითადად, განპირობებულია პოლიტიკური სიმპათიებით. არაერთხელ იქნა აქ ნახსენები სიტყვა „საკრალური“. რატომ 2004 და არა 2005? ანუ, შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული ელიტისთვის დამახასიათებელი დანაშაული 2004 წლამდე თურმე უნდა იყოს ნაპატიები და 2005 წელს რომ ვიღაცამ რაღაც მოიპარა, ის რატომ არა? იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კანონს შეიძლება, ვუწოდოთ სახელი „ვარდების რევოლუციამდე ჩადენილი დანაშაულებების პატიების აქტი“,- განაცხადა რომან გოცირიძემ. არჩილ თალაკვაძე: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ამნისტიის კანონპროექტს და მხარს ვუჭერთ ჰუმანურ გადაწყვეტილებებს სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფ პატიმართა მიმართ იმ ფარგლებში, როდესაც მართლწესრიგი და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება გახლავთ გონივრულად დაცული“,-განაცხადა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ კანონპროექტთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთი ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა პარლამენტში შეიმუშავა და რომელიც ზუსტად ამ პრინციპს მიესადაგება-ერთის მხრივ ჰუმანური მიდგომები, ჰუმანური სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა და მეორე მხრივ- საზოგადოების ინტერესების და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. არჩილ თალაკვაძე კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებსაც გამოეხმაურა. ვიცე-სპიკერის განცხადებით, ადამიანები, ვინც დღეს კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამენ, იქნებოდნენ პირველები უმწვავეს კრიტიკაში, რომელიმე პატიმარს პენიტენციური სისტემის დაუდევრობის და ჯანდაცვის სისტემის არასათანადო გადაწყვეტილების გამო საფრთხე რომ დამუქრებოდა. „არ მეგონა, დღეს კიდევ, თუ თქვენ თავს მისცემდით უფლებას და პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით გააკრიტიკებდით ხელისუფლებას. იმ სისტემასთან დაკავშირებით, სადაც რეალურად თქვენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს გქონდათ ყველაზე მძიმე ჩავარდნები და ყველაზე მძიმე დარღვევები“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მომხსენებელმა, მიხეილ სარჯველაძემ დასკვნით სიტყვაში განაცხადა: „არ ეყოთ არც პოლიტიკური ალღო, არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არც პოლიტიკური კეთილსინდისიერება ბევრ აქ მყოფ ოპოზიციონერს, რაც ძალიან ცუდი ამბავია“. კომიტეტის თამჯდომარის განცხადებით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ  ნებისმიერი ამნისტიის დროს, ნებისმიერი დამნაშავე,  რომელიც  იქნება ამნისტირებული, მის დანაშაულს არავინ იწონებს - ამნისტიის აქტი არ ნიშნავს მის მიერ  ჩადენილი ქმედების მოწონებას. „ვისარგებლებ შესაძლებლობით და ყველა ადამიანის გასაგონად ვიტყვი, ვთხოვ პირადად, რომ აუცილებლად გაუფრთხილდნენ და დააფასონ სწორად ამ შემთხვევაში ეს მისაღები გადაწყვეტილება იმიტომ, რომ მათი მხრიდანაც მოსალოდნელია რომ იყოს აბსოლუტურად პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, თუნდაც ამ შეღავათთან მიმართებაში. მესმის, რომ რისკები შეიძლება გაიზარდოს და დანაშაულის რეციდივს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, ესეც უპასუხისმგებლობა იქნებოდა, რომ ამის შიშით ხელი აგვეღო ამ სწორ განზრახვაზე. ყველას ვთხოვ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და განსაკუთრებული გულისხმიერებით მიიღონ და დააფასონ ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის დელეგაციას შეხვდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის მედიის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ირჟი რუსიცკა ხელმძღვანელობს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროკავშირში ჩეხეთის გაწევრიანების გამოცდილებაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება. „ყოველთვის საინტერესოა ჩვენთვის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან შეხვედრა, მაგრამ განსაკუთრებულად საინტერესოა, როცა ეს არის სახელმწიფო, რომელსაც აქვს ჩვენი მსგავსი პოსტსაბჭოთა გამოცდილება. ახლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩეხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების გამოცდილება დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ეს შეხვედრა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩეხ კოლეგებთან ერთად განგვეხილა საქართველოს პერსპექტივები. შეხვედრაზე ვისაუბრეთ რუსეთის აგრესიის მნიშვნელობაზე, ხაზი გაესვა დესტრუქციულ ელემენტებს. ჩეხეთის რესპუბლიკასთან არსებობს კარგი პერსპექტივები თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ეფექტიანი ურთიერთობების მისაღწევად. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამ კუთხით ჩეხეთის საელჩოს ძალიან ნაყოფიერ საქმიანობას საქართველოში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.  

მიხეილ სარჯველაძე შენგენის ზონაში რუსეთის მოქალაქეების შესვლის შესაძლო აკრძალვაზე: გასათვალისწინებელია რუსეთში მცხოვრები მილიონი ქართველი

„ევროკავშირის მიერ შენგენის ზონაში რუსეთის მოქალაქეების შესვლის აკრძალვაზე მსჯელობის დაწყება და ცალკეული განცხადებები არ ნიშნავს იმას, რომ ეთნიკური ნიშნით ვინმეს მიმოსვლა შეეზღუდება, დავუშვათ ეს გადაწყვეტილებაც რომ იყოს მიღებული, საქართველოს შემთხვევაში გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი, სპეციფიკური გარემოება - მილიონ ეთნიკურად ქართველს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, კავშირები აქვს შენარჩუნებული საქართველოსთან“, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ინფორმაციას, რომ ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტში შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვაც მოხვდეს. სარჯველაძის აზრით, ევროპულ სახელმწოფოს მსგავსი გარემოება რომ ჰქონდეს - ეთნიკურად თავისი მოსახლეობის 1/4 რუსეთში ცხოვრობდეს და რუსეთის მოქალაქე იყოს, ამას მხედველობაში მიიღებდა. ესტონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებს, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს „საქართველოს ჰყავს დაახლოებით მილიონი ეთნიკურად ქართველი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, იქ საქმიანობს და კავშირები აქვს შენარჩუნებული საქართველოსთან. ეს გარემოება რომ მხედველობაში არ იყოს მიღებული, მე არ მგონია, რომ ეს მართებული იყოს. ამ სპეციფიკური გარემოების მხედველობაში მიღებაც აუცილებელი იქნება ყველა შემთხვევაში. ჯერ ერთი, ეთნიკური ნიშნით ვერ აიკრძალება, მოქალაქეობის ნიშნით თუ აიკრძალება, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ეს გახდეს პრობლემა 1 მილიონი ქართველისთვის საქართველოში ჩამოსვლა და აქ კავშირების შენარჩუნება“, - განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა. ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკი დასავლეთს მოუწოდა, საზღვრები რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ჩაკეტოს. რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერება ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის პრიორიტეტია - ერმაკი ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირსა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს 10 აგვისტოს მიმართა, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. მისივე თქმით, რუსების უმრავლესობა უკრაინის წინააღმდეგ ომს უჭერენ მხარს.  აღსანიშნავია, რომ რიგ ქვეყნებს ხსენებული ზომა უკვე შემოღებული აქვთ. ესტონეთის პრემიერი: დროა, შევაჩეროთ ტურიზმი რუსეთიდან ფინეთის პრემიერი: არასწორია, როცა რუსეთი ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები კი ევროპაში მოგზაურობენ

მიხეილ სარჯველაძე: თუ ლარსზე შეიძლება, მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება, თვითმფრინავმა იფრინოს

თუ ლარსზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს, - პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენა ცუდი გადაწყვეტილება არ იქნება. თუ რუსეთის მხრიდან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ - კალაძე "როდესაც საუბარია ზოგადად ფრენების აღდგენა-არაღდგენაზე, თავისთავად, რაციონალურად, ეს ცუდი გადაწყვეტილება არ იქნება საქართველოსთვის და რუსეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც იმისთვის, რომ საქართველოსთან კავშირი შეინარჩუნონ, უწევთ სერიოზული პრობლემების გადალახვა. თუ ლარსზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს, ეს გაურკვეველი მგონია. ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე, სადაც კი შესაძლებლობა არსებობდა, რომ ამის პოზიციონირება მოეხდინა, ყველგან ასეთი პოზიციონირებაა დაფიქსირებული. ამიტომ კითხვის დასმა, ამ შემთხვევაში ვის მხარეს არის საქართველო, აბსოლუტურად უსაგნო და არასწორია", - განაცხადა სარჯველაძემ. „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. მანამდე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.  

რუსეთთან ფრენების აღდგენა, საქართველოს მოსახლეობას მეტ კომფორტს შეუქმნის - სარჯველაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა, მეტი კომფორტის შექმნაა საქართველოს მოსახლეობისთვის. რუსეთის დუმის დეპუტატის, გავრილოვის თქმით, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა სრულად უნდა აღდგეს ელჩი დეგნანი: ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები „ვისთვისაც ყველაზე მეტად საყურადღებოა რუსეთის თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, მათ შეუძლიათ, საკუთარი დასკვნები დაამყარონ ასეთ მოსაზრებებზე. ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ როგორ ხედავს საკითხს. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის რა იქნება ღირებული და აქედან გამომდინარე ვაკეთებთ დასკვნებს. ეს არის მოცემულობა, რომელიც გვაქვს და მგონია, რომ არავის აქვს საფუძველი რაიმე სპეკულაციებისთვის, ასეთი ინტერპრეტაციების კეთებისთვის. მათ შორის იმაზე საუბრისთვის, თითქოს რუსული მხარისა და ქართული მხარის რიტორიკა ერთმანეთს შეიძლება, ემთხვეოდეს. საქართველოს მკაფიოდ აქვს გამოხატული ინტერესები, რისი დაცვისკენ არის მოწოდებული მთელი ხელისუფლების და ქართული საზოგადოების აქტივობები. შესაბამისად, ყველას მოუწევს მხედველობაში იმის მიღება, რომ საქართველოში დღეს არის ხელისუფლება, რომლისთვისაც ნომერ პირველი ღირებულება გახლავთ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, დეოკუპაციას, ყოველმხრივ კომფორტის შექმნას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის", - განაცხადა სარჯველაძემ. პრეზიდენტი: არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას კიევის შეფასებით, თბილისმა და მოსკოვმა რევერანსები გაცვალეს მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ქვეყანა გააუქმებს საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს, როგორც კი „აუცილებელი წინაპირობები“ იქნება.  ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.  

სარჯველაძე: თუ ვინმეს სურს, ქართველები და რუსები ძმები იყვნენ, უნდა მოხდეს დეოკუპაცია

საქართველოს პარლამენტის წევრი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, ვიდრე საქართველო იმყოფება მდგომარეობაში, როცა მისი ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული, რასაკვირველია, ძმობაზე საუბარი შეუძლებელია. ასე პასუხობს „ქართული ოცნების" წევრი „ბლექ სი არენის" სცენაზე ბენდ The Killers-ის კონცერტთან დაკავშირებულ ინციდენტზე დასმულ შეკითხვას. რაც შეეხება კონცერტზე მისულ მსმენელთა რეაქციას, IPN-ის ცნობით, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ეს ცალკე საკითხია და არ ჰგონია, რომ "ცალკეული რეაქციები გადაჭარბებულად უნდა შეფასდეს." „თუ ვინმეს სურს, ქართველები და რუსები ძმები იყვნენ, ასეთ შემთხვევაში უალტერნატივოდ დღის წესრიგში მთავარი პრიორიტეტი დგას - უნდა მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია - ყველა საკითხი ამით იწყება და მთავრდება! მნიშვნელოვანია, რაციონალურად, პრაგმატულად გვესმოდეს და ყველას კარგად გვქონდეს გათავისებული, რომ დეოკუპაცია ამ ქვეყნისთვის არის ხელშეუხებელი და ნომერ პირველი პრიორიტეტი. არავის უნდა დაავიწყდეს - იქნება ქართველი თუ უცხოელი, რომ ეს საქართველოსთვის არის მთავარი რამ. ეს არის ის, რასაც ვერასდროს შევურიგდებით!" - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. Black Sea Arena: ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, ბოდიშს ვიხდით .  

NATO-ს ქოლგა და „ტერიტორიული პრობლემები“ - რა განაცხადა ალიანსის მაღალჩინოსანმა

საერთაშორისო მედიაში განხილვის თემაა NATO-ს მაღალჩინოსნის სიტყვები, რომლის თანახმად, „უკრაინას შეუძლია, დაუთმოს ტერიტორიები რუსეთს, წევრობისა და ომის დასრულების სანაცვლოდ.“ NATO-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის თქმით, ეს შეიძლება, გამოსავალი იყოს არსებული სიტუაციიდან. ამ სიტყვებს, რომლებიც მედიაში გავრცელდა, კიევის მკაცრი რეაქცია და გაბრაზება მოჰყვა. „ვფიქრობ, გამოსავალი შეიძლება, იყოს უკრაინის ტერიტორიის დათმობა და სანაცვლოდ, NATO-ს წევრობის მიღება“, - განუცხადა იენსენმა ნორვეგიაში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე შეკრებილ აუდიტორიას და აღნიშნა, რომ უკრაინის ომისშემდგომი სტატუსის შესახებ დისკუსიები დიპლომატიურ წრეებში გრძელდება. უფრო კონკრეტულად, მედიაში 15 აგვისტოს გავრცელდა  NATO-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის სიტყვები, რომლითაც ის ასევე განმარტავდა, რომ უკრაინის გადასაწყვეტი უნდა იყოს, როდის და რა პირობებით სურს მოლაპარაკება რუსეთთან.  „მე არ ვამბობ, რომ ასე უნდა იყოს, მაგრამ ეს შეიძლება, იყოს შესაძლო გამოსავალი,“ განმარტა იენსენმა. ალიანსის მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა განმარტება, შესაბამისად, უცნობია მეტი დეტალი, თუ რას გულისხმობდა იენსენი. თუმცა ამ საკითხზე NATO-ს პოზიციები არაერთხელ დაფიქსირებულა, რომ ყველა ქვეყანა საკუთარ მომავალს თავად ირჩევს. კამათის გამომწვევ შეფასებასთან დაკავშირებით, კომენტარები კეთდება საქართველოშიც. „საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, არის ის იდეა, რომელსაც არ შეიძლება, უბრალოდ, ალტერნატივა ჰქონდეს,“ განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ 16 აგვისტოს მედიასთან საუბრისას. „ამიტომ ნებისმიერი გამოსავლის ძიებისას ყველას მხედველობაში აქვს მისაღები, რომ, მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში ვერასდროს საქართველო ვერ შეუერთდება ვერცერთი დათქმით, ვერცერთი პირობით თავისი ტერიტორიების ოკუპაციას. სავარაუდოდ, იგივე დამოკიდებულება აქვს უკრაინის ხელისუფლებას და უკრაინის ხალხს. აქედან გამომდინარე, ყველას მოუწევს ამის მხედველობაში მიღება, ვინც ისაუბრებს საქართველოს ან უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ეს არის ზუსტად სირთულე, თუმცა გამოსავლის ძიებაში ასეთი ტიპის შემოთავაზებების გაკეთება, თუ ჩავთვლით ამას შემოთავაზებად, არის კატეგორიულად მიუღებელი,“ – განაგრძო სარჯველაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხსენებული მიდგომა მიუღებელია: ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტიც არის ოკუპირებული, ჩვენ რომ გვითხრას ვინმემ, რომ ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მიგვიღებენ NATO-ში, ჩვენი პასუხიც იქნება კატეგორიული და ეს პასუხიც იქნება ბუნებრივია, უარი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად მესმის უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება ამასთან დაკავშირებით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან. „ტერიტორიის გაცვლა NATO-ს ქოლგაზე? უცნაურია,“ – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი NATO-ს მაღალჩინოსნის განცხადებას. „ეს ნიშნავს რომ, მიზანმიმართულად წავიდეთ დემოკრატიის დაკარგვაზე, გლობალური კრიმინალის წახალისებაზე, რუსეთის რეჟიმის შენარჩუნებაზე, საერთაშორისო სამართლის განადგურებასა და ომის სავალდებულო გადაცემაზე სხვა თაობებისთვის,“ – წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არ განიცადა გამანადგურებელი მარცხი, ომი აუცილებლად დაბრუნდება და გაგრძელდება. ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც ხელს უშლის ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს - NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი განახლება: NATO-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა უკრაინასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეცდომა უწოდა. განმარტა, რომ მისი განცხადება „ფართო დისკუსიის ნაწილი იყო და უკრაინაში მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარებს ეხებოდა.“ „მე არ უნდა მეთქვა ეს ამგვარად. ეს იყო შეცდომა,“ – განაცხადა სტიან იენსენმა.

მიხეილ სარჯველაძე მედვედევის განცხადებაზე: ვერ შევურიგდებით ოკუპაციას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ საქართველო გააგრძელებს ქვეყნის დეოკუპაციის მშვიდობიან პოლიტიკას. სარჯველაძის თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება არათანხვედრაში, შეუთავსებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრიორიტეტთან, არის კატეგორიულად მიუღებელი და არალეგიტიმური. „საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ერთი მხრივ, აღიარებულია მთელი ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და საქართველოს პოზიციაც ამ მიმართულებით არის ურყევი, ერთმნიშვნელოვანი, ცალსახა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება არათანხვედრაში, შეუთავსებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრიორიტეტთან, არის კატეგორიულად მიუღებელი და არალეგიტიმური. აქედან გამომდინარე ეს ერთმნიშვნელოვნად არის კატეგორიულად მიუღებელი განცხადება, რომელიც მოვისმინეთ სახელმწიფოს წარმომადგენლისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. საქართველო ვერასდროს, ვერც ერთ შემთხვევაში შეურიგდება ტერიტორიების ოკუპაციას და გავაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის, ეს ნიშნავს, რომ საქართველო აუცილებლად შეძლებს მშვიდობიანი გზით აღასრულოს ისტორიული სამართლიანობა, დაიბრუნოს ტერიტორიები და მასზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქენი," - განაცხადა სარჯველაძემ. კითხვას, ელოდება თუ არა საგარეო უწყებისგან ოფიციალური განცხადების გავრცელებას, სარჯველაძე პასუხობს, რომ საქართველოს ხელისუფლების სახელით ამბობს, რომ კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის განცხადებები, რომელიც შეუთავსებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან. "მთლიანად, მთელი საქართველოს ხელისუფლების სახელით მინდა ახლა მაშინ გავაკეთო განცხადება და ყველას სახელით ვთქვა, უკლებლივ ყველასი და ყველასგან, ვისაც შესაძლებლობა მიეცემა და ვისაც კითხვას დაუსვამთ, აუცილებლად იგივე პასუხს მიიღებთ ვინც წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას - კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის განცხადებები, რომელიც შეუთავსებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან," - განაცხადა სარჯველაძემ. მისივე თქმით, ვერავინ გამოკვეთს, რომ ხელისუფლებას მსგავს განცხადებებთან შემრიგებლური დამოკიდებულება აქვს. რუსეთი იმუქრება, რომ მისთვის არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შეიერთებს. რუსეთის მიერ საქართველოს ამ ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავამდე სამი დღით ადრე, 23 აგვისტოს, რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სტატია, რომელიც ეხება საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ომს უკრაინაში. მედვედევი პასუხისმგებლობას აკისრებს დასავლეთს, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებს.

მიხეილ სარჯველაძე: მე არ ვარ დაინტერესებული ჩემი შვილებისთვის საგანმანათლებლო სერვისების რუსეთში ძიებით

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება რუსეთის ფედერაციის ინიციატივას, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უფასოდ სწავლას სთავაზობენ. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გაუჭირდება თქვას, კონკრეტულად რას ემსახურება მსგავსი ინიციატივა, თუმცა იმავდროულად, სიფრთხილეა საჭირო. „რუსეთი რას ცდილობს იმასთან შედარებით, რაც უკვე გააკეთა, ზღვაში წვეთია. რუსეთს უკვე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და ამაზე უფრო მეტად მძიმე, არ მიმაჩნია რაიმე არსებობდეს. რისთვის აკეთებენ, ამის თქმა გამიჭირდება, თუმცა, რასაკვირველია, ყველას მართებს სიფრთხილით ყოფნა. მე პირადად ნამდვილად არ ვარ დაინტერესებული, ჩემი შვილებისთვის საგანმანათლებლო სერვისების რუსეთში ძიებით, სხვა მიმართულებებია არაერთი, რომელზეც უფრო მეტი ინტერესი მექნებოდა, პირველ რიგში, ეს იქნება ქართული საგანმანათლებლო უნივერსიტეტები და სხვა საზღვარგარეთ, მაგრამ არა რუსეთში. სიფრთხილე მართებს საზოგადოებას, თუ როგორ დაგეგმოს შვილებისთვის განათლების მიწოდება, იმავდროულად, სიფრთხილეა საჭირო, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს რუსეთიდან ასეთი ინიციატივები,“ - განაცხადა სარჯველაძემ. მედიაში დღეს, 30 აგვისრტოს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება  საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციამ გაავრცელა.  

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. „როგორც მოგეხსენებათ, გასული ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესარჩევად. ამ ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა ინდივიდუალური კონსულტაციები, როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებთან, ასევე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან. კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ის, თუ რამდენად უნდა ყოფილიყო ახალი მინისტრი სამედიცინო წრეების წარმომადგენელი. ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკურ გუნდში, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის აზრი იყო ორად გაყოფილი. ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ახალი მინისტრი აუცილებლად სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. მეორე ნაწილი ზუსტად ამის საპირისპირო მოსაზრებას გამოხატავდა. კონსულტაციების საფუძველზე მივედი დასკვნამდე, რომ მინისტრის პოსტზე შეიძლებოდა როგორც სამედიცინო წარმომადგენლების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა. საბოლოოდ, უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების, გამოცდილების მიმართ განსაკუთრებული ნდობა მაქვს. მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა ბატონი მიხეილ სარჯველაძე. მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. 2012 წლამდე ბატონი მიხეილი ეწეოდა წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, 20121 წლის შემდეგ მას საჯარო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. შეგახსენებთ, მიხეილ სარჯველაძე იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი. მოგვიანებით, ის იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 21012 წლიდან ის გახლავთ საპარლამენტო გუნდის წევრი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. მინდა, წარმატებები ვუსურვო მიხეილ სარჯველაძეს, რომელიც დღეიდან რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას გაუძღვება. ეს არის ჯანდაცვა, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა, დევნილების ინტერესების დაცვა, დასაქმება და შრომის საკითხები. გამოწვევა არის უამრავი. ყველა მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მისი პროფესიონალიზმი და გამორჩეული პიროვნული თვისებებით იქნება საუკეთესო მინისტრი და მნიშვნელოვან წარმატებას მოუტანს ამ დარგს“, - განაცხადა კობახიძემ. მიხეილ სარჯველაძემ ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ჟორჟოლიანი იქნება. ლევან ჟორჟოლიანი თბილისის საკრებულოს დეპუტატია 2017 წლიდან. ის მე-6 და მე-7 მოწვევის საკრებულოებში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. ჟორჟოლიანი მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტია "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდა. კანონმდებლობის მიხედვით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ მას საკრებულოში თანამდებობის დატოვება მოწევს. 2024 წლის პირველ მარტამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე იყო. მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 29 თებერვალს მოაწერა.  

ჯანდაცვის მინისტრის ორმა მოადგილემ თანამდებობები დატოვა

ირაკლი მხეიძემ და ილია ღუდუშაურმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტები დატოვეს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ვინ დაიკავებს მინისტრის მოადგილეების თანამდებობებს, უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ. თამარ გაბუნია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ისევ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე 11 მარტს დაინიშნა. დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში თავად წარადგინა.  

ვინ ჩაანაცვლა მიხეილ სარჯველაძე პარლამენტში

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრი გახდა, პარლამენტში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მომდევნო წევრმა, იმედა ნიკურაძემ ჩაანაცვლა. პარლამენტმა დღეს, 22 მარტს, 89 ხმით ცნო იმედა ნიკურაძის უფლებამოსილება. ის დღემდე „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. როგორც რადიო თავისუფლება წერს, იმედა ნიკურაძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კომპანიის, „ელიტა ბურჯის“ ადვოკატი, შემდეგ კი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო („ელიტა ბურჯი“ 2020 წელს ფონდ „ქართუს“ საკუთრებაში გადავიდა). მოგვიანებით თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. მიხეილ სარჯველაძე, ვისი ადგილიც ნიკურაძემ დაიკავა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. იგი 2024 წლის 11 მარტს დაინიშნა ჯანდაცვის მინისტრად და ზურაბ აზარაშვილი ჩაანაცვლა. სარჯველაძე წლების განმავლობაში მუშაობდა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ და ასევე ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს.  

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს - თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ. შესაბამის ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, თეა გიორგაძე „საპარტნიორო ფონდის“ სამედიცინო კონსულტანტი იყო. სხვადასხვა წლებში, ის, ჯანდაცვის სამინისტროში არაერთ პოზიციაზე მუშაობდა. მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ დაინიშნა ირინე წაქაძეც, რომელიც,აღნიშნულ პოზიციამდე იუსტიციის სამინისტროში, სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. მას სახელმწიფო უწყებაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა გიორგი პატარიძე. ის, 2021 წლამდე იუსტიციის სამინისტროს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის” - გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე, კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. სახელმწიფო უწყებების გარდა, გიორგი პატარიძეს აქვს კერძო სექტორში მუშაობის წარმატებული გამოცდილებაც.